ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის პრესა ავრცელებს.

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას „ალტერნატივა გერმანისთვის" არ სურდა ევროკავშირის პარლამენტში ახალი მემარჯვენე ალიანსის ნაწილი ყოფილიყო. ახლა, როგორც ჩანს, „ალტერნატივა გერმანიისთვის" დეპუტატებმა მოახერხეს მემარჯვენე პარტიების მცირე ჯგუფის შეკრება, - წერს გერმანიის პრესა და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ალისა ვეიდალმა დაადასტურა.

ახალი პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად საჭიროა ევროპარლამენტის 23 წევრი, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინიმუმ მეოთხედს. გავრცელებული ინფორმაციით, „ალტერნატივა გერმანიის" ირგვლივ გაერთიანებულ ევროპარლამენტის საპარლამენტო ჯგუფში, სახელწოდებით „ევროპის სუვერენული ერები", ცხრა ქვეყნის 28 დეპუტატი იქნება.

tagesschau-ს ცნობით, ჯგუფის შემადგენლობაში არ იქნება „ალტერნატივა გერმანიისთვის" 15-კაციან დეპუტატთა კორპუსის სკანდალურად ცნობილი წევრი მაქსიმილიან კრა და იქნებიან დეპუტატები საფრანგეთიდან (ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურის პარტია Reconquête), პოლონეთიდან (ევროსკეპტიკი, ნაციონალისტი მემარჯვენეების პარტია „კონფედერაცია"), ბულგარეთიდან (ულტრამემარჯვენე, პრორუსული Wasraschdane), ესპანეთიდან (ულტრამემარჯვენე Se Acabó La Fiesta), ჩეხეთიდან (ულტრამემარჯვენე პარტია „თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატია"), სლოვაკეთიდან (ულტრამემარჯვენე პარტია „რესპუბლიკური მოძრაობა"), უნგრეთიდან (ევროსკეპტიკი რადიკალ-ნაციონალისტების პარტია Mi Hazánk Mozgalom) და ლიეტუვიდან (ევროსკეპტიკი ნაციონალ-კონსერვატორების პარტია „ხალხის და სამართლიანობის კავშირი").