შაბათს, ეროვნული ასამბლეის შენობასთან “ყვითელი ჟილეტების”მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. სამართალდამცავებმა ადგილზე ჩაატარეს შემოწმება.
ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, შაბათს, ნაშუადღევს, პარიზში, კონკორდის მოედანზე „ყვითელი ჟილეტების“ ასამდე მხარდამჭერი შეიკრიბა.
როგორც AFP-ის ჟურნალისტმა ადგილიდან განაცხადა, ამავდროულად ეროვნული ასამბლეის წინ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს.
ელისეს მინდვრების გამზირის ბოლოს მდებარე მოედანზე მომიტინგეები, რომელთა უმეტესობასაც ყვითელი ჟილეტი არ ეცვა, სპეცდანიშნულების რაზმმა (CRS) ალყაში მოაქცია.
„სამართალდამცავი ორგანოები ამჟამად მათ შემოწმებას ახორციელებენ“, განუცხადა პარიზის პოლიციის პრეფექტურამ მედიას.
„კვირაში 40 საათიანი სამუშაო გრაფიკით თავის გატანა აღარ შემიძლია“, - განაცხადა 20 წლის პარიზელმა დემონსტრანტმა.
„ყველაფერზე ფასები იზრდება, ხელფასები კი უცვლელია. ხელისუფლება პოპკორნს მიირთმევს და ისე უყურებენ, როგორ გვანადგურებენ“, - დასძინა მან.
როგორც AFP-ის ჟურნალისტმა აღნიშნა, ნაშუადღევს, კონკორდის მოედნის პირდაპირ, ეროვნული ასამბლეის შენობის წინ, „ყვითელი ჟილეტების“ კოორდინაციის წევრი ბენჟამენ ბალი და მოძრაობის სპიკერი აზელმა სიგო მშვიდ ვითარებაში დააკავეს.
„ყვითელი ჟილეტების“ კოორდინაციამ მხარდამჭერებს შაბათს, თანხმობის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. მათ უარი თქვეს პროფკავშირების მიერ შეთანხმებულ ნებადართულ მარშრუტზე შეერთებაზე, რის გამოც პოლიციის პრეფექტურამ აღნიშნული აქცია აკრძალა.
„თანხმობის მოედანი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ის მდებარეობს ეროვნულ ასამბლეასთან, ძალაუფლების ცენტრთან, ვინაიდან ჩვენი მოთხოვნები პოლიტიკურია“, - განმარტა „ყვითელი ჟილეტების“ ადვოკატმა, დავიდ ლიბესკინდმა.
საფრანგეთის ქუჩებში უკვე ზედიზედ მეოთხე შაბათია ათასობით ადამიანს ელოდებიან. უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.








