საფრანგეთის ეროვნულმა პროკურატურამ (PNF) 20 ივნისს დაიწყო ჩხრეკა პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის შტაბბინასა და მისი ინფრასტრუქტურული პარტნიორის ოფისში სახელმწიფო სახსრების შესაძლო გაფლანგვისა და ფავორიტიზმის თაობაზე , მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, იუწყება Reuters.

პროკურატურის ინფორმაციით, 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შტაბ-ბინაში ჩხრეკა საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დადებულ კონტრაქტებზე 2017 წელს დაწყებული წინასწარი გამოძიების ფარგლებში განხორციელდა.

SOLIDEO-ს ოფისი, სამთავრობო ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია ოლიმპიური და პარალიმპიური ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე, ასევე გაჩხრიკეს 2022 წლის წინასწარი გამოძიების ფარგლებში საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული აუდიტის შემდეგ.

თავად ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და რომ მათ შემოიღეს მკაცრი პროცედურები "რამდენიმე ასეული დადებული კონტრაქტის გამჭვირვალობისა და კანონიერების უზრუნველსაყოფად":

„გარდა ჩვენი მმართველი სტრუქტურების მუდმივი მონიტორინგისა, საფრანგეთის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებულ აუდიტს და ბუღალტრული აღრიცხვის პალატის ხუთ აუდიტს არ გამოუვლენია რაიმე დარღვევა“.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშები, რომელიც საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტის ტონი ესტანგერის დანაპირების მიხედვით, "იქნება უნაკლო", 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაგრძელდება, ხოლო პარალიმპიური თამაშები – 28 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე. ჯამური ბიუჯეტი 8,8 მილიარდ ევრომდე გაიზარდა 6,6 მილიარდიდან.

მანამდე, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გარშემო სკანდალი აგორდა საკამათო ვიდეოთვალთვალის სისტემის დანერგვის გამო, რაც კრიტიკოსების შეფასებით, პრივატულობის უფლებას არღვევს.