უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინაში არსებული რეალობის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება.

"რუსულმა დაბომბვამ დააზიანა სახლები და ინფრასტრუქტურა ხარკოვის, დნიპროს, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში. არიან დაღუპულები და დაშავებულები, მათ შორის ბავშვები. ეს არის უკრაინული რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ იარაღით შეიძლება“, - წერს ზელენსკა სოციალურ ქსელში.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა და 33 დაიჭრა. 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ხმელნიცკის ოლქში, 1 - ხარკოვის და 1 - დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ამ სამ ოლქსა და ასევე, ზაპოროჟიეში დანგრეული და დაზიანებულია ათეულობით სახლი, ადმინისტრაცილი შენობა და სამრეწველო ობიექტი.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს 51 აერობალისტიკური, ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, მათ შორის „კინჟალი“ და „ისკანდერი“ და 8 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 18 რაკეტა და 8-ვე დრონი.