გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გერმანიის ურყევ მხარდაჭერას დაჰპირდა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის სპიკერმა შტეფენ ჰებეშთრაითმა განაცხადა.

კანცლერმა „დაარწმუნა, რომ გერმანია ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, მათ შორის სამხედრო სფეროში“, - ციტირებს მის სიტყვებს AFP.

ჰებშთრაითის ცნობით, კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. აქედან გამომდინარე, გერმანიის მთავრობა „მხარს უჭერს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას და განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საჭირო რეფორმების განხორციელებაში.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავის მხრივ, აცნობა კანცლერს „რუსეთის ბოლო თავდასხმების შედეგების შესახებ, მათ შორის უკრაინის სამოქალაქო ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ და მადლობა გადაუხადა მას გერმანიის ძლიერი „ზამთრის“ თავდაცვის პაკეტისთვის, რომელიც მოიცავს IRIS-T SLM-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ზელენსკიმ აღნიშნა ევროკავშირში ერთიანობის უზრუნველსაყოფად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისა და მომდევნო წლებისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის მნიშვნელობა.