აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდისთვის (РФПИ) სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს, იუწყება გაზეთი The New York Times (NYT) რუსეთის ფედერაციასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის მცოდნე წყაროებზე დაყრდნობით. 

მოსკოვი ითხოვს ფონდისთვის სანქციების მოხსნას, რათა მან შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაში მიიღოს მონაწილეობა, ნათქვამია სტატიაში. ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში ქვეყნის ხელისუფლება რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის "შავ სალაროს" უწოდებდა.

"რუსეთის მიმართ სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხის განხილვა, რაზედაც აქამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, აჩვენებს, თუ როგორ იყენებს კრემლი უკრაინის ომთან დაკავშირებულ დიპლომატიის ბოლოდროინდელ ტალღას იმ დღის წესრიგის წინ წასაწევად, რომელსაც, როგორც ჩანს, მცირე საერთო აქვს მშვიდობის უზრუნველყოფასთან", - ასკვნის NYT. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ამჟამად ჩვეულებრივი პროცედურების ფარგლებში შეზღუდვების მოხსნაზე ფონდის განაცხადს განიხილავს. მათი მიხედვით, რუსულ ფონდს მოუწევს იმ საფუძვლების გაქარწყლების დამტკიცება, რომელთა გამოც დაწესდა სანქციები.

ფონდს ხელმძღვანელობს კირილ დმიტრიევი - რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკვანძო მონაწილე, მათ შორის, უკრაინის ომის საკითხებზე. სწორედ ის უწევს პოპულარიზაციას კრემლის წინადადებებს რუსეთისა და აშშ-ის შესაძლო ერთობლივი ბიზნესპროექტების შესახებ და არაერთხელ შეხვედრია ამჟამინდელი ამერიკული ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი შეიქმნა 2011 წელს რუსეთის ფედერაციაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მის ერთ-ერთ პროექტად იქცა რუსული ვაქცინა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ Sputnik V. ბაიდენის ადმინისტრაციამ ფონდის მიმართ სანქციები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხი დღის შემდეგ დააწესა. "მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ის სუვერენული საინვესტიციო ფონდია, ბევრი მას პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შავ სალაროდ და იმ კლეპტოკრატიის ერთ-ერთ ნათელ მაგალითად მიიჩნევს, რომელიც დამახასიათებელია რუსული სახელისუფლებო სისტემისთვის", - აცხადებდა მაშინ ამერიკის ფინანსთა სამინისტრო.