აშშ-ის ადმინისტრაციის მოლაპარაკებები მოსკოვთან უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ გაფართოვდა და მოიცავს მრავალმილიარდიან ნავთობის გარიგებას, რომელიც სარგებელს მოუტანს ახლო აღმოსავლელ ბიზნესმენებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მთავარ ამერიკელ მომლაპარაკებლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. ამის შესახებ გაზეთი The New York Times (NYT) წერს.
გამოცემის მონაცემებით, გარიგება ეხება რუსული კომპანია "ლუკოილის" კუთვნილ ნავთობის საბადოებს, ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებსა და ავტოგასამართ სადგურებს მთელ მსოფლიოში.
ამ მასშტაბური გარიგების განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ყველაზე განსხვავებულ აქტივებს - კამერუნის ნავთობის საბადოებიდან და ევროპის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნებიდან დაწყებული, ნიუ-ჯერსის ავტოგასამართი სადგურების ქსელით დამთავრებული - საჭიროა აშშ-ის მთავრობისა და კრემლის თანხმობა.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, ჯგუფში, რომელიც შესაბამის შეთანხმებას ლობირებს, შედიან ამერიკელი ინვესტორი და მილიარდერი ტოდ ბოელი, რომელმაც 2 მილიონი დოლარი შესწირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკურ პროექტებს, ორი ახლო აღმოსავლური სტრუქტურა, რომლებიც თანამშრომლობდნენ კუშნერთან ან უიტკოფის ოჯახთან, ასევე აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ქვედანაყოფი. ამასთან, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ თავად კუშნერი ან უიტკოფი მიიღებენ სარგებელს, - აღნიშნავს The New York Times.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამ გარიგების თემას შეეხო 5 სექტემბერს კრემლში უიტკოფთან და კუშნერთან გამართული შეხვედრის დროს, - იტყობინება გამოცემა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი თანამოსაუბრის თქმით, პუტინმა ამ გარიგების დადება შესთავაზა, რათა რუსებისთვის აშშ-სთან ბიზნესის კეთების შესაძლებლობა ეჩვენებინა. NYT წერს, რომ საბოლოო ჯამში, ნავთობის შეთანხმების დადება პუტინისა და ტრამპის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.
თეთრმა სახლმა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და კომპანია "ლუკოილმა" NYT-ის ჟურნალისტების მოთხოვნებს კომენტარის თაობაზე არ უპასუხეს.




