"ნიუ-იორკს ათი წელია ასეთი ძლიერი შტორმი არ უნახავს", - განაცხადა კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე მერმა ზორან მამდანიმ.

დამანგრეველი შტორმიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირის შემდეგ, ნიუ-იორკი კიდევ ერთი დიდი ყინვისთვის ემზადება. კვირას, მერმა ზორან მამდანიმ რვა მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე მეტროპოლიაში, ძლიერი თოვის გამო, გადაადგილების დროებითი აკრძალვა გამოაცხადა.

"ნიუ-იორკში ათწლეულის განმავლობაში ასეთი ძლიერი შტორმი არ ყოფილა", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე და თავის ამომრჩევლებს, მოუწოდა, "თავი აარიდონ ყველა არასაჭირო მოგზაურობას".

"ამინდის მოსალოდნელი ექსტრემალური პირობების, მათ შორის ძლიერი თოვლისა და ქარის გამო, შეერთებული შტატების უდიდესმა ქალაქმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დღეს საღამოს 9 საათიდან ხვალ შუადღემდე კომენდანტის საათს დააწესებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ეს გამოიწვევს "ნიუ-იორკში ქუჩების, გზატკეცილებისა და ხიდების დაკეტვას ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილებისთვის, სატვირთო მანქანებისთვის, სკუტერებისა და ელექტროველოსიპედებისთვის", - განმარტა მან. თუმცა, მისი თქმით, "დაშვებული იქნება გარკვეული აუცილებელი მგზავრობა".

ნიუ-იორკის ოფიციალური პირები მთელი დღის განმავლობაში ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ და კვირა საღამოდან ორშაბათამდე მნიშვნელოვან თოვლს პროგნოზირებენ. ქალაქში, სავარაუდოდ, 18-დან 24 ინჩამდე თოვლი მოვა, ზოგიერთ რაიონში კი 28 ინჩამდე. ასევე, პროგნოზირებულია ძლიერი ქარი.

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვა ქალაქებიც, როგორიცაა ბოსტონი, ექსტრემალური ამინდისთვის ემზადება.