„არმენპრესის“ ცნობით, ასეთი განცხადება სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლის დროს გააკეთა
„ჩვენთვის საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენ ველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, ისევე როგორც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა პაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი კითხულობს, როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი.
„ჩვენი პასუხი სრულიად ნათელია: ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და, უპირველეს ყოვლისა, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირში წევრობის კრიტერიუმები.
როდესაც ეს მოხდება, არსებობს ორი ვარიანტი: ევროკავშირი ან მიგვიღებს, ან არა. ამას ვამბობ, რადგან მესმის, რომ ევროკავშირის გაფართოება, ახალი წევრის ჩართვა, არაა არტივი საკითხი და, ამასთან ერთად, პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
ამიტომ, თუ ევროკავშირი სომხეთს სრულუფლებიან წევრად მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება. თუ არა, ჩვენ მაინც სარგებელს მივიღებთ, რადგან ვიქნებით ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს“, - ხაზგასმით აღნიშნა პაშინიანმა.




