სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

სომხური მედია სომხეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუტინმა ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა და საუკეთესო სურვილები გამოუცხადა, ხოლო ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ზარისა და მილოცვისთვის.

მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის მიმდინარე საკითხებზე მოსაზრებები გაცვალეს. სომხური მედია წერს, რომ სომხეთის პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს დაბალანსებული პოზიციებისთვის, მეგობრული ტონისთვის, ასევე რიგ სადავო საკითხებთან დაკავშირებით გაწეული მხარდაჭერისთვის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილვებს უახლოეს ხელსაყრელი შესაძლებლობისას პირისპირ შეხვედრის ფორმატში გააგრძელებენ.

რუსული მხარე ასევე იუწყება, რომ ლიდერებმა ყაზახეთში გამართული ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) ბოლო სამიტის შედეგების შესახებაც ისაუბრეს.