აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ხელახალი არჩევა "კიდევ ოთხ წლიან ქაოსს" მოიტანს, რასაც "აშშ ვერ გადაურჩება."
აიოვაში ამომრჩეველთან შეხვედრისას ჰეილიმ თქვა, რომ ტრამპი "სწორი პრეზიდენტი იყო შესაბამის დროს." მაგრამ მან აღნიშნა: "რეალობა ისაა, მართებულად თუ არასწორად, მას ქაოსი მოჰყვება და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ასეა… და ჩვენ არ შეგვიძლია გვქონდეს არეულობების ქვეყანა და ცეცხლოვანი სამყარო და გავიაროთ ქაოსის კიდევ ოთხი წელი. ჩვენ ვერ გადავრჩებით."
მისი თქმით, ის ტრამპს ეუბნებოდა, რომ ის იყო "საკუთარი თავის ყველაზე ცუდი მტერი," ჰეილიმ დასძინა: "ჩვენ ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი და ეს ნიშნავს აღარანაირი დრამა."
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი 15 იანვარს აიოვას შტატიდან იწყება.
სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი რესპუბლიკელების საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს დაეწია. თუმცა, საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, 61%-იანი მხარდაჭერით დონალდ ტრამპი უპირობოდ ლიდერობს, მას 12%-ით რონ დესანტისი და 11%-ით ნიკი ჰეილი მოსდევენ.
თუმცა, ნიკი ჰეილის კამპანია მთავარ აქცენტს ნიუ-ჰემფშირის შტატის პრაიმერიზზე აკეთებს. ამ შტატის რესპუბლიკური ამომრჩეველი შედარებით სეკულარული და ურბანულია, რაც ჰეილის წარმატების კარგ შანსს აძლევს. უკანასკნელი კვლევებით, ნიუ-ჰემფშირში ტრამპის მხარდაჭერა 37%-ია, ხოლო ჰეილის - 33%. ნიუ-ჰემფშირში გამარჯვების შემთხვევაში ჰეილი იმედოვნებს, რომ პარტიის შიგნით ტრამპის მოწინააღმდეგეების მხარდაჭერის გაერთიანებას შეძლებს.