რამდენიმეთვიანი გაურკვევლობის შემდეგ, ნიდერლანდებმა საბოლოოდ თქვა უარი სიმღერის კონკურს "ევროვიზია 2027-ში" მონაწილეობაზე.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NPO გადაწყვეტილება ისრაელის მონაწილეობის გარშემო მიმდინარე დავებით ახსნა.
NPO-ს ხელმძღვანელმა, იეტ დე რანიცმა აღნიშნა, რომ "ევროვიზიაში" ქვეყნის მონაწილეობა ჯერჯერობით ნაადრევია. მისი თქმით, ისრაელის თემა კვლავაც ძლიერ საზოგადოებრივ პოლემიკას იწვევს. ვითარება საყურადღებოა იმით, რომ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია განსხვავებული იყო.
მიმდინარე წელს ნიდერლანდებმა კონკურსს ბოიკოტი კიდევ ოთხ ქვეყანასთან ერთად უკვე გამოუცხადა. ირლანდიამ ასევე განაცხადა, რომ 2027 წელს მონაწილეობაზე უარის თქმას გეგმავს. ბოიკოტის შესაძლებლობას ესპანეთშიც განიხილავენ. მანამდე, ოქტომბერში, ჩეხეთის ტელევიზიამ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და ეს ფინანსური მიზეზებით ახსნა.
"ევროვიზიის" წესების თანახმად, კონკურსი პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა დარჩეს. ისრაელის მონაწილეობის გარშემო დავების შემდეგ, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) მიიღო გადაწყვეტილება, რომ ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები კონკურსის საკუთარ ტერიტორიაზე მასპინძლობას ვეღარ შეძლებენ.
შემდეგი "ევროვიზია" 2027 წლის მაისში, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში, შავი ზღვის სანაპიროზე გაიმართება. კონკურსის ჩატარების უფლება ბულგარეთმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2026 წელს მასზე მომღერალმა Dara-მ სიმღერით "Bangaranga" გაიმარჯვა.




