რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარა.
"გვსურს აღვნიშნოთ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება და მისი საქმის გამჭვირვალე გამოძიებას მოვითხოვთ. ჩვენ რუსეთს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
47 წლის ალექსეი ნავალნის სიკვდილის ამბავი 16 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაავრცელა რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა.
უწყების მტკიცებით, ნავალნი გასეირნების შემდეგ გახდა ცუდად და გონება დაკარგა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა პატიმრის რეანიმირება ვერ შეძლეს.
პოლიტიკოსის ადვოკატმა ლეონიდ სოლოვიოვმა თქვა, რომ ადვოკატმა პატიმარი ოთხშაბათს მოინახულა და მაშინ ნავალნი თავს კარგად გრძნობდა. საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიამაც განაცხადა, რომ ნავალნი ჯანმრთელობის პრობლემებს არ უჩიოდა. პროპაგანდისტული მედია ავითარებს თრომბის ვერსიას.
ალექსეი ნავალნის დედამ დაწერა, რომ შვილი 12 თებერვალს მოინახულა და რომ ის "ცოცხალი, ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე" იყო.