NATO-ს ხუთმა ევროპულმა წევრმა, კერძოდ საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ მზად არიან, კონტინენტის უსაფრთხოებაზე ალიანსის ფარგლებში მეტი პასუხისმგებლობა აიღონ. ამის შესახებ France24 წერს.

ამავდროულად, ამ ხუთი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა პარიზში ევროპის თავდაცვითი როლის გაძლიერების შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ, ვაშინგტონთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პირობა დადეს.

"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მჭიდრო კოორდინაციაში ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან და ყველა მოკავშირესთან ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად. შეერთებული შტატები არის და დარჩება შეუცვლელ მოკავშირედ, ხოლო აშშ-ის შემდგომი ჩართულობა ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში უკიდურესად მნიშვნელოვანია ძლიერი და ავტორიტეტული NATO-სთვის", - ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

საფრანგეთის მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა აღნიშნა, რომ ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, იმუშაოს "უფრო ძლიერი ევროპის შექმნაზე არანაკლებ ძლიერი NATO-ს ფარგლებში" კოორდინირებული გეგმის მეშვეობით, რომელიც ვაშინგტონთან ერთად სრული გამჭვირვალობის პირობებშია შემუშავებული.

ვოტრენმა განაცხადა, რომ ხუთი ქვეყნის მინისტრთა ჯგუფის შემდეგი შეხვედრა 2027 წლის მარტში, რომში გაიმართება.