ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების დახმარების ყველა ზომას უცხოელთა დაცვის შესახებ ზოგად კანონში გადაიტანს.
უკრაინელებისთვის სპეციალური დახმარების შესახებ 2022 წლის კანონმა შემოიღო ცალკე სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ამარტივებს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ბინადრობის, მუშაობის, დახმარებისა და განათლების წესებს.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში პოლონეთმა სოლიდარობის გამოცდას გაუძლო.
„მაგრამ ის, რაც შემოღების მომენტში გამართლებული იყო, დროთა განმავლობაში პოლონელი მოქალაქეების მიმართ უთანასწორობის განცდის წარმომშობი გახდა. მე პირობა დავდე, რომ უცილობელი პრივილეგიების პერიოდს დავასრულებდი. დღეს მე ამ დაპირებას ვასრულებ“, - განაგრძო პრეზიდენტმა ნავროცკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ახალი კანონი საგანგებო დახმარებას წყვეტს და სისტემურ წესებს აწესებს.
„მხარდაჭერას - დიახ. პრივილეგიებს პოლონელების ხარჯზე - არა. შეღავათები ისევე იქნება დაკავშირებული იქნება პოლონეთში დასაქმებასთან და ბავშვების სკოლაში სიარულთან, როგორც ეს სხვა უცხოელებისთვის გვაქვს. დახმარება უნდა იყოს შეხამებული პასუხისმგებლობასა და ჩვენი საზოგადოებისთვის გაღებულ წვლილთან. ჩვენ ვქმნით სამართლიან წესებს მათთვის, ვისაც აქ მუშაობა სურს და, ამასთან ერთად, ვზრუნავთ პოლონეთის შრომის ბაზარზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე.
მე ხელს ვაწერ ამ კანონპროექტს, რადგან მჯერა, რომ ის დაიცავს ჩვენს სახელმწიფო ფინანსებს, დაამყარებს წესრიგს სისტემაში და აღადგენს ელემენტარული სამართლიანობის განცდას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ნავროცკიმ.




