ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ავღანელმა ფარჰად ნურიმ, რომელიც მიუნხენში მანქანით შევარდა დემონსტრანტებში, ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ აღიარა, რომ დანაშაული წინასწარგანზრახულად ჩაიდინა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ 24 წლის ბოდიბილდერმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ათიათასობით გამომწერი ჰყავს, დანაშაული რელიგიური მოტივებით ჩაიდინა, თუმცა ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ დამნაშავე ისლამისტური ორგანიზაციის წევრია.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერში ისმის, რომ დაკავების წინ ავღანელი ყვირის: „ო, ალაჰ! ო, ალაჰ!" ხოლო შემდეგ, როდესაც მას პოლიციელებით მიწაზე აწვენენ, გაიძახის: „არ არის ღმერთი, გარდა ალაჰისა. მუჰამედი - ღმერთის მოციქულია!“

ფარჰად ნურის გერმანიის ხელისუფლებამ 2020 წელს უარი უთხრა თავშესაფრის მინიჭებაზე, თუმცა მას ნება დართეს დარჩენილიყო გერმანიაში და ემუშავა, რადგან დეპორტაცია სახიფათო იყო.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილით დემონსტრანტებში შევარდნის შედეგად დაშავდა 38 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. დაშავებულთა ასაკი ორიდან სამოც წლამდეა. ორი დაშავებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.