ამის შესახებ ინფორმაციას შეერთებული შტატების მედია ავრცელებს.
ამ დროისთვის ცნობილი ინფორმაციით, სროლა თავდაპირველად მინესოტას შტატის სენატორის, ჯონ ჰოფმანის, ჩამპლინში მდებარე სახლში მოხდა. დემოკრატ ჯონ ჰოფმანს, რომელიც მინესოტას სენატში 2013 წლიდანაა, სულ მცირე ორჯერ ესროლეს, ხოლო მის მეუღლეს, ივეტს, სამჯერ.
მეორე სროლა რამდენიმე მილის დაშორებით, ბრუკლინ პარკში, ედინბურგის გოლფის მოედნის მახლობლად, შტატის წარმომადგენელთა პალატის საპატიო სპიკერის და მინესოტელი დემოკრატების ლიდერის, მელისა ჰორტმანის სახლში მოხდა. მელისა ჰოფმანი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში 2005 წლიდანაა, მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს.
ოფიციალური ინფორმაცია ჩაცხრილულთა ზუსტი რაოდენობის და მათი მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაა გამოქვეყნებული.
„პოლიცია ეძებს ეჭვმიტანილს მიზანმიმართული სროლების სერიაში, რომელიც შეიარაღებულია და საშიშია“, - ნათქვამია ბრუკლინ პარკის პოლიციის მიერ დილის 5:30 საათზე გაგზავნილ საგანგებო შეტყობინებაში. „ეჭვმიტანილი არის თეთრკანიანი მამაკაცი ყავისფერი თმით, რომელსაც აცვია შავი ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ლურჯ პერანგსა და შარვალზე და შესაძლოა, თავს ასაღებდეს სამართალდამცავ ორგანოების წარმომადგენლად“.
დილის 7 საათზე გაგზავნილ მეორე საგანგებო შეტყობინებაში დადასტურდა, რომ ეჭვმიტანილი პოლიციელის ფორმაში იყო ჩაცმული. „არ მიუახლოვდეთ და არ გააღოთ კარი, თუ ორი პოლიციელი ერთად არ მოვა. ჯერ 911-ზე დარეკეთ ოფიცრის ვინაობის დასადასტურებლად“, - ნათქვამია შეტყობინებაში.
KMSP-TV-ის ცნობით, კანონმდებლებს ესროლა ორმა მამაკაცმა, რომლებიც პოლიციელის ფორმაში იყვნენ ჩაცმულნი და მართავდნენ პოლიციის მანქანას. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ბრუკლინ პარკში დააკავეს ოფიცრის მონაწილეობით მომხდარი სროლის შემდეგ. მეორე ეჭვმიტანილი ჯერ კიდევ თავისუფალია.