კიევზე რუსეთის გაძლიერებული დარტყმების ფონზე, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს ეძებენ. ამის შესახებ მან ბერლინში ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს განაცხადა.

"ჩვენ ინტენსიურ შეთანხმებებსა და კონსულტაციებს ვაწარმოებთ ევროპელ პარტნიორებთან მომდევნო ევროპული საბჭოს მოსამზადებლად, რომელიც 15-16 ოქტომბერს ბრიუსელში გაიმართება, — განაცხადა მერცმა DW-ს კითხვის საპასუხოდ. — საუბარია იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი დახმარება".

კანცლერის თქმით, საუბარია კონკრეტულ მხარდაჭერაზე უკრაინის ბიუჯეტისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებსაც მერცმა უკრაინის თავდაცვაში "ყველაზე სუსტი ადგილი" უწოდა. მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო ხარჯებისთვის დაახლოებით 27 მილიარდი დოლარი აკლიათ.

მერცმა აღნიშნა, რომ პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს მსოფლიო ლიდერებთან კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მოსალოდნელი რუსული დაბომბვების ფონზე, უკრაინაში ენერგომომარაგების ზამთრისთვის მომზადება მოხერხდება. "ეს არის სამხედრო დანაშაულები, რომლებიც ყოველდღიურად ხდება", — განაცხადა მერცმა.

თოყაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მერცმა თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის თემა ინტენსიურად განიხილებოდა. მან მადლიერება გამოხატა იმის გამო, რომ თოყაევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ომის დასრულებაზე ესაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბერლინი გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას, მათ შორის, დიპლომატიურ ძალისხმევას. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა ნიუ-იორკში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის რეაქციამ აჩვენა, რომ იგი "ამ ეტაპზე სერიოზული მოლაპარაკებებით დაინტერესებული არ არის".