გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა (CDU) და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის (CSU) კონსერვატიულ ბლოკს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"CDU და CSU ისე მჭიდროდ უნდა იდგნენ ერთად, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, როგორც ულტრამემარჯვენე, ისე ულტრამემარცხენე ექსტრემისტების თავდასხმებისა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე", — განაცხადა მან მიუნხენში გამართულ CSU-ს პარტიულ ყრილობაზე.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსერვატორები ექსტრემისტულ ძალებს გერმანიის მომავლის განსაზღვრის უფლებას არ მისცემენ. კერძოდ, მთავრობის მეთაურმა ბერლინში "მწვანეებსა" და სოციალ-დემოკრატებს (SPD) მემარცხენე პარტიასთან მმართველი კოალიციის შექმნისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს შეიძლება მძიმე ტვირთად იქცეს.
საგარეო გამოწვევებზე საუბრისას, კანცლერმა რუსეთის მხრიდან მომდინარე მასიურ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და უკრაინის წინააღმდეგ ომსა და ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ დივერსიაზე ისაუბრა. მერცის თქმით, მოსკოვი გერმანიის ყოველდღიურად დესტაბილიზაციას ცდილობს. მან შეახსენა საზოგადოებას, რომ ბერლინი კიევის ერთ-ერთი უმსხვილესი სამხედრო და პოლიტიკური მხარდამჭერია, რის გამოც, ჰიბრიდული თავდასხმების რისკის წინაშე დგას.
თავისი გამოსვლისას კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ CDU/CSU-სა და SPD-ს მმართველი კოალიციისგან დაგეგმილი რეფორმების სწრაფად მიღებას ელის. მერცმა აღიარა, რომ დისკუსიებმა რეფორმების, მათ შორის, საპენსიო რეფორმის შესახებ, მთელი გერმანია ააღელვა, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია ამ პროცესის რაც შეიძლება მალე დასრულება.
მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უფლებამოსილების ვადა, რომელიც ამ პოსტს უკვე მეორე ვადით იკავებს, 2027 წლის მარტში იწურება. გადაწყვეტილება მისი მემკვიდრის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კრებამ იანვრის ბოლოს უნდა მიიღოს. წინა დღით, CSU-ს ხელმძღვანელმა მარკუს ზიოდერმა პარტიულ ყრილობაზე აიგნერის კანდიდატურას ღიად დაუჭირა მხარი.
მერცს აიგნერის შესაძლო კანდიდატურის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, ამიტომ CSU-ს ყრილობაზე მის გამოსვლას განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ, — აღნიშნავს სააგენტო.




