ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში თურქეთის ნაკრების მცველმა მერიჰ დემირალმა გატანილი გოლი აღნიშნა ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „ბოზკურტთან" („რუხი მგლები") ასოცირებული „მგლის მისალმების" ანალოგიური ჟესტით.
მერიჰ დემირალის ჟესტმა გერმანელ ფედერალურ პოლიტიკოსთა კრიტიკა გამოიწვია, უეფამ კი გამოძიება დაიწყო.
„თურქი მემარჯვენე ექსტრემისტების სიმბოლოების ადგილი არაა ჩვენს სტადიონებზე. ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის რასიზმის პლატფორმად გამოყენება სრულიად მიუღებელია“, - დაწერა პლატფორმა X-ზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფაზერმა.
მერიჰ დემირალმა განმარტა, რომ ჟესტით მას არავის მიმართ არ გამოუხატავს შეურაცხყოფა და იგი მის "თურქულ იდენტობას" უკავშირდებოდა და მას არანაირი ფარულ შეტყობინება არ გაუგზავნია.
„ძალიან ვამაყობ, რომ თურქი ვარ. მე უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა, თუ რამდენად ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ჟესტის საჩვენებლად კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება", - თქვა დემირალმა.
ჟესტთან დაკავშირებით გამოთქმულმა კრიტიკამ თურქეთსა და გერმანიას შორის პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დემირელის ჟესტთან დაკავშირებულ შეფასებებს პოლიტიკურად მოტივირებული და მიუღებელი უწოდა და გერმანიის ელჩი დაიბარა.
გერმანიის პრესა აღნიშნავს, რომ „რუხი მგლები" კანონგარეშედაა გამოცხადებული საფრანგეთში, ავსტრიაში - აკრძალულია „მგლის მისალმება", ხოლო გერმანიაში კი არც ორგანიზაცია და არც მისალმება არაა აკრძალული.
აღსანიშნავია, რომ „მგლის მისალმება" არაერთხელ დაფიქსირდა 18 ივნისს, თურქეთ-საქართველოს მატჩის დღეს, თუმცა არა საფეხბურთო მინდორზე და არა ფეხბურთელის შესრულებით და ალბათ, ამის გამო, მას დიდი პროტესტი არ მოჰყოლია.
გერმანიის პრესა აღნიშნავს, რომ თურქეთ-ავსტრიის მატჩის დაწყების წინ რასისტული შეძახილებით თავი გამოიჩინეს ავსტრიელმა გულშემატკივრებმა. შვეიცარიის სატელევიზიო არხზე ტრანსლირების დროს კარგად ჩანდა და ისმოდა ავსტრიელ გულშემატკივართა შეძახილები: „გერმანია - გერმანელებისთვის", „უცხოელები - წაეთრიეთ“.
მედიამ ასევე გაიხსენა, რომ ბერლინში ავსტრიისა და პოლონეთის მატჩის დროს, ავსტრიის სექტორში ჩანდა ბანერი წარწერით „დაიცავი ევროპა“. ამ სლოგანს იყენებს ულტრამემარჯვენე ორგანიზაცია „მოძრაობა იდენტობისთვის".