გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის გაჟონვის გამოძიების ფარგლებში „ვაშინგტონ პოსტის“ რეპორტიორის სახლი გაჩხრიკა.

როგორც „ენბისი“ ნიუსი წერს, აგენტებმა ჟურნალისტს მისი მობილური ტელეფონი, სამსახურისა და პირადი ლეპტოპები, ხმის ჩამწერი, პორტატული მყარი დისკი და სმარტსაათი ჩამოართვეს.

გამოძიება მიმართულია სამთავრობო კონტრაქტორის, ავრელიო პერეს-ლუგონესის წინააღმდეგ, რომელსაც ბრალი წაუყენეს საიდუმლო ინფორმაციის უკანონო შენახვისთვის. გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, ის უნებართვოდ აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას. როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტს განუცხადეს, რომ ის არ არის გამოძიების ობიექტი, თუმცა გენერალური პროკურორის თქმით, პენტაგონმა მოითხოვა ჩხრეკა იმ ჟურნალისტის სახლში, „ვინც იღებდა და აქვეყნებდა საიდუმლო ინფორმაციას“.

მოსამართლემ აუკრძალა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჟურნალისტისგან ამოღებული მოწყობილობების შემოწმება და მხოლოდ მათი შენახვა დაავალდებულა, ვიდრე საქმე სრულად არ განიხილება.

პრესის თავისუფლების დამცველები აღნიშნავენ, რომ ეს უპრეცედენტო ნაბიჯია, რომელიც აზიანებს სიტყვის თავისუფლებას, აფერხებს ჟურნალისტურ საქმიანობას და ქმნის საშიშ პრეცედენტს.

თარგმანი: პირველი არხი