მაროკოში, რვა სექტემბერს, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 820-მდე გაიზარდა.
მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარაქეშიდან 72 კმ სამხრეთ-დასავლეთით, ატლასის მთებში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 820-ს მიაღწია. დაშავებულია 672 კაცი. მათგან 205-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
მიწისძვრა მაგნიტუდით 6,8 (ზოგიერთი ცნობით 7,2) მაროკოში წუხელ, 22:11 საათზე, მიწის ზედაპირიდან 18,5 კმ-ის სიღრმეში მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრიდან 500 კმ-ის რადიუსში მიწისძვრა მაგნიტუდით 5 და მეტი 1900 წლის შემდეგ სულ ცხრაჯერ მოხდა, თუმცა არცერთ შემთხვევაში მიწისძვრის მაგნიტუდა ექვსზე მეტი არ ყოფილა.
ცნობისთვის, მაგნიტუდის ერთი ერთეულით ზრდა მიწისძვრისას გამოთავისუფლებული ენერგიის 32-ჯერადი ზრდის ტოლფასია. მაროკოს მიწისძვრისას გამოთავისუფლებული ენერგია 240 კილოტონა ტროტილის ანუ 15 ატომური ბომბის აფეთქების შედეგად გამოყოფილი ენერგიის ეკვივალენტია. თურქეთის მიწისძვრის დროს გამოთავისუფლებული ენერგია კი 32-ჯერ მეტი ანუ 480 ატომური ბომბის აფეთქების შედეგად გამოთავისუფლებული ენერგიის ეკვივალენტი იყო.