ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო-ს წევრები თავდაცვის ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდიან და უკვე უახლოვდებიან მშპ-ის 5%-იან მიზანს.
„აქ, ანკარაში, ველოდები, რომ ქვეყნებმა წარმოადგინონ მკაფიო, კონკრეტული და სანდო გეგმები, რათა 5%-იან მიზანს მივაღწიოთ. ის პროგრესი, რასაც ვხედავთ, ძალიან შთამბეჭდავია“, – აღნიშნა რუტემ.
რუტეს განცხადებით, ერთ წელიწადში წევრმა ქვეყნებმა შეძლეს მნიშვნელოვანი ზრდა და უკვე დაახლოებით მშპ-ის 4%-ს ხარჯავენ თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.
მარკ რუტემ აღნიშნა, რომ წინა წელთან შედარებით, წელს ევროპელმა მოკავშირეებმა და კანადამ თითქმის 20%-ით მეტი დახარჯეს თავდაცვაზე. მისი თქმით, 2025–2026 წლების პერიოდში დამატებითი ინვესტიციები დაახლოებით 258 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ამასთან, რუტეს თქმით, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
„უკრაინა ცვლის ბრძოლის ველზე არსებულ დინამიკას. მათ სჭირდებათ ჩვენი უწყვეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის მიმართულებით. რუსეთი აგრძელებს დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე. უკრაინა აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას, მოკავშირეებმა და ნატო-ს პარტნიორებმა უნდა უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიიღოს ის, რაც სჭირდება. მოდით ნათლად განვაცხადოთ- ყველა მოკავშირემ უნდა გამოიყენოს თავისი ძალა“, – განაცხადა რუტემ.
ცნობისთვის, 7-8 ივლისს ანკარაში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ლიდერი დაესწრება.







