ასეთი პასუხი გასცა ესპანეთის ვიცე-პრემიერმა მარია ხესუს მონტერომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარას მადრიდთან ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ.
ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის ესპანეთის სამხედრო ბაზების გამოყენებაზე ესპანეთის ხელისუფლების უარს შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარა მოჰყვა. იგი ესპანეთს ვაჭრობის შეწყვეტით დაემუქრა.
„ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ვინმეს ვასალი ვიყოთ. ჩვენ არ მოვითმენთ არანაირ მუქარას და დავიცავთ ჩვენს ღირებულებებს“, - განუცხადა მარია ხესუს მონტერომ ჟურნალისტებს.
ოთხშაბათს, ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ესპანეთის ომის საწინააღმდეგო პოზიცია და გააფრთხილა, რომ კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მასშტაბურ გლობალურ კატასტროფას.
„ჩვენ არ ვიქნებით თანამონაწილეები მსოფლიოსთვის ცუდ ან ჩვენი ღირებულებებისა და ინტერესების საწინააღმდეგო საქმეში, უბრალოდ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ვინმეს მხრიდან შურისძიება“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს ერთ-ერთი ყველაზე დიდმა კრიტიკოსმა, პედრო სანჩესმა, გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც „ომის ბურუსს იყენებენ თავიანთი წარუმატებლობის დასამალად“ ქვეყნის შიგნით. „ასე იწყება კაცობრიობის დიდი კატასტროფები... მილიონობით ადამიანის ბედით რუსული რულეტკის თამაში არ შეიძლება“, - თქვა მან, შემდეგ კი ერაყის ომის გამოწვეულ ნეგატიურ მხარეებზე - ჯიჰადისტური ტერორიზმის აღზევებიდან ენერგორესურსების ფასების ზრდამდე, - გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირანზე თავდასხმის შედეგები ასევე გაურკვეველია.




