გაზეთ La Tribune Dimanche-სთვის ჩატარებული და შაბათს გამოქვეყნებული Ipsos BVA-Cesi-ს გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პოპულარობა 16%-მდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2017 წელს ელისეის სასახლეში მისი მოსვლის შემდეგ.
მსყიდველობითი უნარისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მომავლის შესახებ ფრანგების სულ უფრო მზარდი შეშფოთების ფონზე სახელმწიფოს მეთაურის მოწონების რეიტინგი ივლისიდან ხუთი პუნქტით შემცირდა.
პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუმ ასევე დააფიქსირა ყველაზე დაბალი მოწონების რეიტინგი: 20% დადებითი, რაც წინა მინიმუმთან შედარებით შვიდი პუნქტით ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მეთაურისა და პრემიერ-მინისტრის მოწონების რეიტინგი განსაკუთრებით მათ ამომრჩევლებში ეცემა.
რესპონდენტების 54%-ს თანახმად, ფრანგების მთავარი საზრუნავი მსყიდველობითი უნარიანობაა.
შემდეგ მოდის სოციალური უზრუნველყოფის სისტემის მომავალი - 40%, გარემოს დაცვა და იმიგრაცია - თითოეული 31%, სახელმწიფო ვალი - 30%.
ეს შედეგები 2027 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით შვიდი თვით ადრე გამოქვეყნდა, რომელშიც ემანუელ მაკრონი მესამე ვადით ვერ იყრის კენჭს, რადგან საფრანგეთის კონსტიტუცია ზედიზედ ორი საპრეზიდენტო ვადით ზღუდავს.
გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, საზოგადოებრივი უკმაყოფილება ბევრ საპრეზიდენტო კანდიდატზეც მოქმედებს. თუ ედუარ ფილიპი მომავალ წელს გაიმარჯვებს, გამოკითხულთა 57% უკმაყოფილო იქნება. გაბრიელ ატალისთვის ეს მაჩვენებელი 60% იქნება. ორივე კანდიდატისთვის ეს ივლისთან შედარებით 12-პუნქტიანი ზრდაა.
თუ მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, საფრანგეთის საზოგადოების 36% კმაყოფილი იქნება (2 პუნქტით მეტი). თუ ჟან-ლუკ მელანშონი გაიმარჯვებს, ეს მაჩვენებელი 19% იქნება (2 პუნქტით მეტი); ამჟამად ის ედუარ ფილიპს უტოლდება. თუ ფრანსუა ოლანდი გაიმარჯვებს (3 პუნქტით მეტი), ეს მაჩვენებელი 18% იქნება. რაფაელ გლუკსმანის გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილი დარჩება საფრანგეთის საზოგადოების 17%.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




