დღეს, მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვთან შეხვედრის დროს, ვლადიმერ ზელენსკის წარმომადგენლებთან ბოლო შეხვედრის დეტალების შესახებ ისაუბრა, - იუწყება სააგენტო „ბელტა“.
„ცოტა ხნის წინ აქ ზელენსკის წარმომადგენლები იყვნენ. მე მათ პირდაპირ ვუთხარი: ბიჭებო, გადაეცით ეს თქვენს პრეზიდენტს: თუ ის ფიქრობს, რომ შეუძლია ჩვენთან ასე საუბარი და ომში ჩათრევა სცადოს, მან უნდა გაიგოს, რომ ომის ბუნება მყისიერად შეიცვლება. ეს ომი სრულიად განსხვავებული იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა.
„სხვათა შორის, პასუხი მივიღეთ: პრეზიდენტი ამას ხვდება. ასე რომ, ბიჭებო, მოდით შევთანხმდეთ. ჩვენ უნდა მივაღწიოთ არსებით შეთანხმებას“, - აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„მოდით, გვერდზე გადავდოთ ყოყლოჩინობა, ყვირილი, ამ ჩვეული რუსული მანერით დარტყმის მიყენების მცდელობები. მოვიქცეთ როგორც ადამიანები. იმის გაგებით, თუ რა არის რუსეთი და რა ვართ ჩვენ. ეს გაგებაც არსებობს“, - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ არის საჭირო ბელარუსის ომში ჩათრევა.
„არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ <რუსეთის ელჩი ბელარუსში> ბორის გრიზლოვი ომში ჩვენი ჩათრევის პროცესს მართავს. რუსეთის პრეზიდენტთან ერთად ათასჯერ განვიხილეთ ეს საკითხი. როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ უკრაინელების წინააღმდეგ, თუ იქეთა მხარეს ძირითადად ტერიტორიული თავდაცვის ძალებია? ჩვენ ვაპირებთ ტყვიები დავუშინოთ მექანიზატორებს, მწველელებს და მუშებს (მათ, ვინც ტერიტორიული თავდაცვის ძალების შემადგენელობაში არიან - „აიპრესი“), რომლებსაც არ სურთ ბელარუსების წინააღმდეგ ბრძოლა? ჩვენც არ გვინდა უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა“, - ხაზგასმით აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
„ჩვენი პოზიცია მშვიდობიანია. მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ რუსეთის მხარეს ვიქნებით“, - მტკიცედ განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
„ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნა მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა.
„სხვაგვარად არ შეიძლება იყოს! ჩვენ გვესმის, რა შეიძლება მოხდეს, თუ დასავლეთი კვლავ ჩაერევა და გაიმარჯვებს. მე უკრაინაზე არ ვსაუბრობ. საქმე უკრაინას არ ეხება ჩვენ გვესმის, ვის ვებრძვით დღეს. თუ მათ მშვიდობა სურთ, მოდით, არსებითად მოვილაპარაკოთ. ჩვენ ომი არ გვჭირდება. ჩვენ საკმარისი მიწა გვაქვს, საკმარისი საკუთარი ეკონომიკა და საკმარისი პრობლემები. ასე რომ, არანაირი კონფრონტაცია.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ გაიგოთ ჩემი პოზიცია. არ ვმალავ. მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობა. მაგრამ სრული გარანტიით, რომ ისინი ჩვენთან არ ითამაშებენ ან, როგორც პუტინი ამბობს, ისევ არ მოგვატყუებენ. რადგან რუსეთის ნებისმიერი მოტყუება, უპირველეს ყოვლისა, ბელორუსზე იმოქმედებს. ჩვენ ჩვენი სამშობლოს წინა ხაზზე ვართ და ჩვენ ამას შესანიშნავად ვაცნობიერებთ“, - დასძინა ლუკაშენკომ.




