მამის, ხორხე მესის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ლიონელ მესიმ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა და აღიარა, რომ პროფესიული კარიერის გაგრძელებაზე სერიოზულად ეჭვობს. 68 წლის ხორხე მესი, რომელიც შვილის უმთავრესი მხარდამჭერი და მრავალწლიანი აგენტი იყო, როსარიოს კლინიკაში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
ტრაგედიის ფონზე, არგენტინელმა ფეხბურთელმა კარიერა უცხოურ კლუბში დროებით შეაჩერა და სამშობლოში დარჩა. თავის მიმართვაში მესიმ ღიად ისაუბრა იმ მძიმე განცდებზე, რომლებმაც მისი სამომავლო გეგმები შეცვალა:
"არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო შენს გარეშე, არ ვიცი, როგორ გავაგრძელო. მე უბრალოდ ვთამაშობდი ფეხბურთს, ახლა კი დიდ ეჭვებს ვგრძნობ იმის შესახებ, შევძლებ თუ არა ამის გაგრძელებას. შენ გვერდით იყავი დასაწყისიდანვე, ბოლომდე კი ასე ცოტა რამ იყო დარჩენილი. რატომ არ გაძელი კიდევ ცოტა, რომ ყველაფერი ერთად დაგვესრულებინა?"
ფეხბურთელმა ასევე გაიხსენა ბოლო პერიოდის ყველაზე მძიმე მომენტები და აღნიშნა, რომ მამა მისგან წარმატებას და ფინალში თამაშს ითხოვდა, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ტურნირზე დასწრება ვეღარ შეძლო:
"მე სულ ვეუბნებოდი, რომ ფინალამდე მივიდოდით, რათა მას ჩამოსვლა შეძლებოდა. ჩვენ ფინალამდე მივედით, მაგრამ შენ იქ არ იყავი. მინდოდა მოგება, რომ პრიზი სახლში წამეღო და შენთვის მეჩვენებინა, მაგრამ ვერ შევძელი... ყოველი მატჩის შემდეგ შენს შეტყობინებას ველი, მაგრამ ახლა მხოლოდ სიჩუმეა".




