ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან ახლოს მდებარე რაიონებში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს, — განაცხადა ლიეტუვის ეროვნულმა რადიომ და ტელევიზიამ (LRT). შეზღუდვები შეეხება მოქმედი ბინადრობის უფლების მქონე პირებსაც, თუმცა არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც საკუთრების უფლება მემკვიდრეობით მიიღება.
დოკუმენტიდან გამომდინარეობს, რომ აკრძალვამ "მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ქვეყანაში" სადაზვერვო საქმიანობა და "ჰიბრიდული ოპერაციები", როგორებიცაა სამხედრო სწავლებებზე თვალყურის დევნება ან ჯარების გადაადგილების მონიტორინგი. თუ კანონპროექტს ეროვნული პარლამენტი — სეიმი დაამტკიცებს, ცვლილებები ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შევა. ლატვიასა და ფინეთში ანალოგიური შეზღუდვები უკვე მოქმედებს. ესტონეთი ჯერჯერობით მსგავსი აკრძალვის დაწესებას გეგმავს.
მიმდინარე წლის მაისის მონაცემებით, ლიეტუვის ცენტრალური რეესტრის თანახმად, ლიეტუვაში, მათ შორის, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებთან ახლოს, უძრავი ქონება შეძენილი აქვს რუსეთის 5 104 და ბელარუსის 2 781 მოქალაქეს, რომელთაც დროებითი ან მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ. ივნისში მეზობელი ლატვიის სეიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების გაცემის შეზღუდვას.




