ირანის ახალი უზენაესი ლიდერი საზოგადოებაში კვლავ არ გამოჩენილა. უცხოური მედია აქტიურად განიხილავს ამ თემას.
28 თებერვალს ამერიკულ-ისრაელური იერიშის შედეგად მძიმედ დაჭრილი ირანის ახალი უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, საზოგადოების წინაშე კვლავ არ გამოჩენილა.
აღნიშნულ თავდასხმას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მოხდა, მისი მამა ემსხვერპლა.
სააგენტო Reuters-ის მიერ ციტირებული სამი ინფორმირებული წყაროს ცნობით, თავდასხმისას უზენაეს ლიდერს სახე „დაუზიანდა“ და ფეხების არეში მძიმედ დაიჭრა.
იგივე წყაროები ამტკიცებენ, რომ მოჯთაბა ხამენეი „გამოჯანმრთელების გზაზეა“ და მისი გონებრივი შესაძლებლობები სრულად შენარჩუნებულია, რაც მას ქვეყნის მართვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მაღალჩინოსნებთან შეხვედრებს აუდიოკონფერენციების საშუალებით მართავს და ჩართულია როგორც ომის წარმოების, ისე ვაშინგტონთან სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც შაბათს ისლამაბადში გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკებებში მის მონაწილეობას არც აშშ და არც პაკისტანი არ ადასტურებენ.
გამოჩნდება თუ არა აიათოლას კადრები?
საინფორმაციო სააგენტოს წყაროების ცნობით, აიათოლას ამსახველი კადრები შესაძლოა უახლოეს ერთ-ორ თვეში გავრცელდეს, რასაც მოგვიანებით მისი საჯარო გამოჩენაც მოჰყვება.
მარტის შუა რიცხვებში პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეი „სავარაუდოდ, სახედაზიანებულია“. ირანის სახელმწიფო ტელევიზიას დეტალები არ დაუზუსტებია და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ლიდერი კონფლიქტის დროს „დაიჭრა“.




