ლატვიის პრემიერ-მინისტრის, ანდრიუს კულბერგსის მემარჯვენე-კონსერვატიულმა პარტიამ "გაერთიანებული სია" 3 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ხმების 98%-ის დათვლის შემდეგ "გაერთიანებული სია" ხმათა 35,4%-ს აგროვებს, - ირკვევა რიგაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ვებგვერდზე კვირას, 4 ოქტომბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებიდან. არჩევნებზე აქტივობამ 51,8% შეადგინა.

წინასწარი გათვლებით, ეს ბლოკი სეიმის 100-დან 42 მანდატს მიიღებს და ეს ლატვიის საპარლამენტო არჩევნების ისტორიაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის სარეკორდო შედეგი იქნება.

მემარჯვენე კონსერვატორებს მოსდევს ბიზნესმენ აინარს შლესერსის პოპულისტური პარტია "ლატვია პირველ ადგილზე", რომელიც წინასაარჩევნო ბრძოლისას რუსულენოვანი ამომრჩევლების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობდა. ცესკოს შედეგების მიხედვით, მან არჩევნებში ხმათა 13,1% მიიღო.

მესამე ადგილზეა - "სუვერენული ძალა/ახალგაზრდა ლატვიელთა გაერთიანება" (ხმათა 11,7%). სეიმში შესაძლოა შევიდეს კიდევ სამი პარტია, რომლებმაც ასევე გადალახეს 5%-იანი ბარიერი - "ეროვნული გაერთიანება" (8,9%), ევროკავშირსა და NATO-სთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მომხრე "პროგრესულები" (ხმათა 7,8%) და ლიბერალურ-კონსერვატიული "ახალი ერთიანობა" (6,3%).

ამრიგად, ამჟამინდელი მმართველი კოალიციის ოთხი პარტიიდან პარლამენტში, შესაძლოა, მხოლოდ სამი მოხვდეს - "გაერთიანებული სია", "ეროვნული გაერთიანება" და "ახალი ერთიანობა". როგორც Reuters აღნიშნავს, რთული კოალიციური მოლაპარაკებებია მოსალოდნელი.

არჩევნები რუსეთის მხრიდან შესაძლო აგრესიული ქმედებების გამო არსებული შიშების ფონზე მიმდინარეობდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიაში არჩევნების დასაცავად გერმანიის ბუნდესვერის გამანადგურებლები გადაისროლეს.