უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის NATO-ში არ არის საკმარისი პოლიტიკური ნება ალიანსში უკრაინის გაწევრიანების გადაწყვეტილების მისაღებად. ამის შესახებ კულებამ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველას, ვინც ამბობს, რომ უკრაინის მიღება შეუძლებელია, ვურჩევ შეხედოს ფინეთის მაგალითს. ერთი წლის წინ შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს მოხდებოდა. მაგრამ ახლა, როდესაც გაჩნდა პოლიტიკური ნება, ფინეთი მიიღეს NATO-ში. ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც არსებობს პოლიტიკური ნება, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაგრამ ახლა მინდა აღვნიშნო როგორც ფაქტი, რომ ალიანსში პოლიტიკური ნება საკმარისი არ არის“, - განაცხადა კულებამ.
მისი თქმით, NATO-ში უკრაინის წევრობა ვერ შეაჩერებს ომს, მაგრამ ხელს შეუწყობს მომავალში ევროატლანტიკურ რეგიონში ომის თავიდან აცილებას.
„ვიდრე უკრაინა NATO-ს მიღმა იქნება და ამავე დროს იქნება უახლოესი მეგობრის, გაცილებით პატივსაცემი მოკავშირის, სპეციალური პარტნიორის გვერდით ან რაიმე სხვა სუროგატული ფორმის თანამშრომლობაში, იარსებებს უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის განმეორების რისკი. ამიტომ სტრატეგიულად გონივრულია ამ რისკის გამორიცხვა“, - განაცხადა კულებამ.
მან გაიხსენა, რომ 2008 წელს მოკავშირეები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ უკრაინა გახდება NATO-ს წევრი და ამის შემდეგ ნატო უბრალოდ იმეორებს ამ სიტყვებს, როგორც მანტრას, ამტკიცებს რა „ღია კარის“ პოლიტიკას.
„ჩვენ მოვისმინეთ ბევრი არგუმენტი, ბევრი გამართლება, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყო უკრაინა NATO-ს წევრი. ისტორიამ დაამტკიცა, რომ ყველა ეს არგუმენტი აზრს მოკლებულია. ამიტომ რეალობის და ამის გაკეთების დროა“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.