კუბის პარლამენტმა, კომუნისტური პარტიისა და ყოფილი ლიდერის, რაულ კასტროს მხარდაჭერით, ყოვლისმომცველი რეფორმები დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის სოციალისტური ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილების პრივატიზაციას გულისხმობს, რათა კუნძულოვანი სახელმწიფო აშშ-ს მძიმე სანქციებს გადაურჩეს.

NBC News-ის ინფორმაციით, დამკვირვებლებმა ახალ, თავისუფალი ბაზრის რეფორმებს კუბის 1959 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის კომუნისტური ეკონომიკის ყველაზე მასშტაბური რეფორმა უწოდეს, რის ფონზეც ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს შვილიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მიზანი ეკონომიკის განვითარებაა.

ჯამში 176 ინიციატივის მიზანია, რომ სახელმწიფო კონტროლქვეშ არსებული ეკონომიკა დეცენტრალიზდეს. ახლანდელი ეკონომიკური მოდელით ძირითადად კუბის კომუნისტური მთავრობა წყვეტს, თუ რისი წარმოება უნდა მოხდეს ქვეყანაში, ვის მიერ და ასევე იმასაც, თუ რა ფასად უნდა გაიყიდოს პროდუქცია. 

რეფორმების გეგმა მოიცავს კერძო ბიზნესებისთვის მეტი სივრცის მიცემას, სახელმწიფო შუამავლობის გარეშე იმპორტსა და ექსპორტს, მუშახელის თავისუფლად დაქირავებას, კერძო ბანკებისთვის უფლებამოსილების მინიჭებასა და უცხოეთში მცხოვრები კუბელებისთვის ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებაზე ნებართვას. რეფორმები ასევე მოიცავს კუნძულზე სწრაფი კვების ობიექტების შესვლაზე ნებართვებსაც.