ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს. როგორც ECB-ის პრესსამსახურში განაცხადეს, ლაგარდი გადადგება 2027 წლის 7 თებერვალს. თავად ლაგარდმა ამის შესახებ ECB-ის მმართველ საბჭოს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიუ კოშტას უკვე აცნობა.
ლაგარდის მემკვიდრეს ევროპული საბჭო "ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 283-ე მუხლით გათვალისწინებული კანდიდატურების დასახელების პროცედურის შესაბამისად" დანიშნავს, - აღნიშნეს ECB-ში. მმართველმა საბჭომ ლაგარდს გაწეული მუშაობისთვის თბილად გადაუხადა მადლობა, ნათქვამია განცხადებაში.
კრისტინ ლაგარდის უფლებამოსილების ვადა 2027 წლის ოქტომბერში უნდა ამოწურულიყო.
ლაგარდის წასვლა საშუალებას აძლევს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, ახალი დანიშვნის საკითხი 2027 წლის აპრილში, საფრანგეთის არჩევნებამდე გადაჭრან, - განმარტავს სააგენტო dpa. მისი ვადაზე ადრე წასვლის შესაძლებლობის შესახებ დიდი ხანია ცნობილი იყო. საფრანგეთის არჩევნებში, შესაძლოა, მარინ ლე პენის ხელმძღვანელობით მემარჯვენე პოპულისტებმა გაიმარჯვონ, რამაც, შეიძლება, ECB-ის ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნა გაართულოს, - დააზუსტა dpa-მ.
ლაგარდი, შესაძლოა, სამუშაოდ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გადავიდეს, - წერს Reuters. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა კოშტამ განაცხადა, რომ ლაგარდის მემკვიდრის გამოსავლენად პროცედურა უკვე 29 ოქტომბერს დაიწყება.




