დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც მათ უკრაინაში ომი განიხილეს და რუსეთს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლიდერებმა განიხილეს რუსეთის მიერ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების აუცილებლობის საკითხი, რათა შესაძლებელი გახდეს მნიშვნელოვანი სამშვიდობო მოლაპარაკებები.
სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე აჩვენა მზადყოფნა და სურვილი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ის მშვიდობის მხარეა.
მაკრონმა და სტარმერმა ასევე განიხილეს წელს მოგვიანებით დაგეგმილი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მომავალი სამიტი და შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ამბიციების გაძლიერებაზე ყველა სფეროში, მათ შორის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში.