დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი, საფრანგეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, რომ ერთად რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად საკუთარ სამშვიდობო გეგმას შეიმუშავებენ. ამის შესახებ, სტარმერმა, BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მოლაპარაკებებს, რომლებიც დამოუკიდებელი იქნება აშშ-სა და რუსეთის შორის მიმდინარე პროცესებისგან. სტარმერმა ასევე აღნიშნა, რომ ფრანკო-ბრიტანულ სამშვიდობო გეგმის შემუშავების პროცესში შესაძლოა "ერთი ან ორი სხვა ქვეყანაც" ჩაერთოს, რაც, მისი თქმით, "მსურველთა კოალიციას" შექმნის.
მან აღნიშნა, რომ გუშინ შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს და ესაუბრა ტრამპს და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს. სტარმერის თქმით, მისი მთავარი მიზანი იყო, ხიდების აგება და მთავარ საკითხთან დაბრუნება
"ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და შესაძლოა ერთი ან ორი სხვა ქვეყანა, უკრაინასთან ერთად იმუშავებს გეგმის შექმნაზე, რომელიც ბრძოლის შეჩერებას უზრუნველყოფს. შემდეგ კი ამ გეგმას აშშ-სთან განვიხილავთ. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია" - თქვა სტარმერმა BBC-სთან ინტერვიუში.