კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 14 მაისს გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგი მარტის 69%-იანი მაჩვენებლიდან მაისის თვის პირველ ნახევარში 74%-მდე გაიზარდა, ხოლო რესპონდენტების 22%-მა თქვა, რომ უკრაინის ლიდერს არ ენდობა.

გამოცემა Kyiv Independent-ის მიხედვით, ეს მაჩვენებელი KIIS-ის მიერ აღრიცხულ რეიტინგებს შორის უკრაინის პრეზიდენტის მიმართ ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2023 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც მას გამოკითხულებს შორის 77%-იანი ნდობა ჰქონდა.

მარტის თვის გამოკითხვასთან შედარებით, პრეზიდენტის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა, ხოლო უნდობლობის მაჩვენებელი 28%-დან 22%-მდე ჩამოვიდა. ნდობასა და უნდობლობას შორის კი სხვაობა 52%-ია. ამასთანავე, მკვლევრებმა თქვეს, რომ ზელენსკის მიმართ ნდობის მაჩვენებელი უკრაინის ყველა რეგიონში აღინიშნებოდა.

გამოკითხვა 2 მაისიდან 12 მაისამდე ინტერვალში ჩატარდა და მის ფარგლებში 1018 თვრამეტ წელს გადაცილებული უკრაინის მოქალაქე გამოიკითხა, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ.