კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი აცხადებს, რომ საზღვაო მარშრუტები ვაჭრობის საგნად არ უნდა იქნას გამოყენებული.

მისივე თქმით, ცოტა ხნის წინ ესაუბრა ირანელ კოლეგას, აბას არაღჩის და „ყველა მხარის მიერ შუამავლობის მცდელობებზე პოზიტიური რეაგირების აუცილებლობას“ გაუსვა ხაზი.

„ხაზგასმით აღვნიშნე საზღვაო მარშრუტების გახსნისა და ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ვაჭრობის საგნად არ იქნება გამოყენებული. სანაოსნო მარშრუტების დარღვევას შეიძლება, სერიოზული შედეგები მოჰყვეს რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური ენერგეტიკისა და სურსათის მარაგებისთვის“, – განაცხადა კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას დაექვემდებარება.