პოლონეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება.
აღლუმის დროს, პოლონეთის ლიდერებმა ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში, პირველ რიგში, თავად პოლონეთის უსაფრთხოებას ემსახურება. ტუსკმა გააკრიტიკა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგებიან და თქვა, რომ ისინი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს ივიწყებენ.
„შეიძლება მსჯელობა პოლონეთ-უკრაინის ურთიერთობებზე, მაგრამ ვერავინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსეთთან ომში ჩვენი უსაფრთხოებაა. ჩვენ ამას საკუთარი თავისთვის, პოლონელი კაცებისა და ქალებისთვის ვაკეთებთ და არა სხვისთვის. თქვენ იცნობთ ამ ძალებს, ამ პოლიტიკურ პარტიებს, ამ პოლიტიკოსებს, რომლებიც ცდილობენ, პოლონეთი და პოლონელები დაარწმუნონ, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ევროპაა, ჩვენი მტერი უკრაინაა, ევროკავშირი საჭირო არ არის და, რომ, გერმანია ყველაზე დიდი მტერია. ისინი რატომღაც ივიწყებენ რუსეთს, ამ საშიშ მეზობელს, რომელიც ომს ჩვენი საზღვრების მიღმა აწარმოებს და ზოგჯერ ეს ომი ჩვენს საზღვრებამდეც აღწევს. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, ღალატმა, სისულელემ და ბინძურმა გარიგებებმა ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება შეასუსტონ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ამასთან, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე საფრთხე არ შეცვლილა. მისი თქმით, პოლონელმა ხალხმა კარგად იცის, რა ფასი გადაიხადა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და სწორედ ეს ისტორიული გამოცდილება ეხმარება ქვეყანას თანამედროვე საფრთხეების სწორად შეფასებაში.
„საფრთხე არ შეცვლილა. საფრთხე კვლავ იმავე მხრიდან, ნეოიმპერიული რუსეთის ფედერაციიდან მოდის. 106 წლის წინ ჩვენ ვიტყოდით – ბოლშევიკებისგან. დღეს შეგვიძლია, გარდაცვლილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სიტყვები გავიხსენოთ. პერიფრაზით შეგვიძლია, ვთქვათ: ერთ დროს საქართველო, დღეს უკრაინა, ხვალ შესაძლოა, ბალტიის ქვეყნები და ჩემი სამშობლო, პოლონეთი, ხოლო ერთ დღეს შესაძლოა, ბერლინი, პარიზი და მთელი დასავლეთ ევროპა. ამიტომ დღეს, ევროპის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და პოლონელი ჯარისკაცების წინაშე პასუხისმგებლობის გამო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 21-ე საუკუნეში ვარშავის ბრძოლა ომის გარეშე მოვიგოთ“, – განაცხადა კაროლ ნავროცკიმ.




