კანონის უზენაესობა ევროკავშირში - შეშფოთების წყება პარლამენტის ყოველწლიურ შეფასებაში - აღნიშნულ პრესრელიზს ევროპარლამენტი ავრცელებს. ანგარიში წარმოადგენს ევროპარლამენტარების მიერ კომისიის უახლესი კანონის უზენაესობის ანგარიშის ყოველწლიურ მიმოხილვას და მიუთითებს შემაშფოთებელ მოვლენებზე.  

აღნიშნული რეზოლუცია ევროპარლამენტმა 405 ხმით მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ 210 დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო 36 დეპუტატმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

სამართლიანობა, თანასწორობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა

პარლამენტი ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, ეფექტიანი სასამართლო სისტემების საჭიროებას მაღალკვალიფიციური კადრებით და წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე რეფორმების შეფასების მნიშვნელობას, ამასთანავე, გმობს კორუფციის გამოძიებებში ჩარევას და სასამართლო სისტემების ბოროტად გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისთვის. იგი კვლავ მოუწოდებს ევროკავშირის ღირებულებებისა და ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო მკაცრ აღსრულებას და აფრთხილებს, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ევროკავშირის სამართლებრივი წესრიგის ლეგიტიმურობა.

ანგარიშში ხაზგასმულია უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების დაცვის გაუარესება, განსაკუთრებით ლგბტქი+ ადამიანების.

ევროპარლამენტარები გმობენ პრესის თავისუფლებაზე თავდასხმებს, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ჯაშუშური პროგრამების გამოყენებას და დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და მოუწოდებენ ევროკავშირის ბოლოდროინდელი კანონმდებლობის, როგორიცაა ციფრული სერვისების აქტი და მედიის თავისუფლების აქტი, სრულად განხორციელებისკენ.

უკეთესი ინსტრუმენტები მუდმივი, სისტემური და ახალი გამოწვევებისთვის

პარლამენტი ხაზს უსვამს შემაშფოთებელ მოვლენებს შეკრების უფლებასთან დაკავშირებით, თავდასხმებს ლგბტქი+ უფლებებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სუსტ აღსრულებაზე, ექსტრემიზმის ზრდაზე, საფრთხეებს საარჩევნო პროცესების მიმართ და ტექნოლოგიების გამოყენებას დემოკრატიული უფლებების შესაზღუდად.

ევროპარლამენტარები ასევე იმეორებენ "უფრო ყოვლისმომცველი ინსტრუმენტების ნაკრების" საჭიროებას, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებას უფრო მჭიდროდ დააკავშირებს კანონის უზენაესობის დაცვასთან.

უნგრეთი

ანგარიშში პირდაპირ არის ნახსენები უნგრეთის მიერ ევროკავშირის ღირებულებების მუდმივი დარღვევები, პროკურატურაზე პოლიტიკური გავლენისა და ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების მითითებით და მოუწოდებს საბჭოს, განბლოკოს შეჩერებული მე-7 მუხლის პროცედურები.