კანადა შეერთებული შტატებისგან NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს შეიძენს, რომლებსაც უკრაინას გადასცემს. ამის შესახებ Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვთან საუბრის შემდეგ კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდიმ დაწერა.

"დღეს დილით მე ვესაუბრე უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს და პირდაპირ მოვისმინე: საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ კანადა ყიდულობს მოწინავე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემას NASAMS-ს აშშ-სგან, უკრაინისთვის გადასაცემად", - წერს ანანდი.

მინისტრმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ ეს არის კანადის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემის პირველი შემთხვევა.

"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სასტიკი საჰაერო თავდასხმების ფონზე, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა დაეხმარება უკრაინული ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას დრონების, სარაკეტო და თვითმფრინავების თავდასხმებისგან", - თქვა ანანდმა.

მისი თქმით, NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობის მაჩვენებელი.