საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, უკრაინის გზა NATO-სკენ შეუქცევადია და ამიტომ ადრე თუ გვიან უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. ამის შესახებ მან 24 თებერვალს, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანება შეუქცევადია და თავად წევრობა უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის გზა NATO-სკენ შეუქცევადია. ასე რომ, საბოლოო ჯამში, უკრაინაც NATO-ს ნაწილი უნდა იყოს," - დარწმუნებულია კალასი. "უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია და, ფაქტობრივად, ყველაზე იაფი, NATO-ს წევრობაა."

მისი თქმით, "თუ ეს არ მოხდება პირველ ეტაპზე, მაშინ ყველა ქვეყანამ, რომელმაც უსაფრთხოების გარანტიები გასცა, უნდა უპასუხოს კითხვას ადგილზე ჯარების შესახებ, იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ, რათა რეალურად უზრუნველყოს უსაფრთხოება."

"მიუნხენში ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა: "თქვენ იცით, ჩვენ გვჭირდება ძლიერი NATO." მე ვუპასუხე: თუ გინდათ ძლიერი NATO, მაშინ მიიღეთ უკრაინა, რადგან ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია არის უკრაინული არმია," - განაცხადა კაია კალასმა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს.