რატომ უნდა იყოს აშშ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობას უზრუნველყოფს?, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯეი დი ვენსს ჰკითხეს, როდის შეიძლება, ელოდონ ამერიკელები ბენზინის ფასების შემცირებას. ვენსმა განაცხადა, რომ ფასების პროგნოზირება რთულია, თუმცა აღნიშნა, რომ მაღალი ფასების ერთ-ერთი მიზეზი ირანის მიერ კომერციულ გემებზე განხორციელებული თავდასხმებია.
„აშშ-ში ბენზინის ფასები მაღალია, მაგრამ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია“,- განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები ენერგიის ერთ კონკრეტულ წყაროზე ზედმეტად დამოკიდებული არ იყოს.
ამასთან, ვენსმა დადებითად შეაფასა ვენესუელასთან გაფორმებული ნავთობის შეთანხმება და მას „ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ევროპელი მოკავშირეები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის უზრუნველყოფა მხოლოდ აშშ-ის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს.
„რატომ უნდა იყოს ამერიკის შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც რეალურად შეუძლია, უზრუნველყოს მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების მომარაგება?“,- განაცხადა ვენსმა.
ვენსის თქმით, აშშ ცდილობს, გლობალური ენერგეტიკული კრიზისი თავიდან აიცილოს და აღნიშნა, რომ ამერიკის ძალისხმევის გარეშე ბენზინის ფასები შესაძლოა, გაცილებით მაღალი ყოფილიყო.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ ირანზე ზეწოლის მიზნით უკვე სხვადასხვა ზომას მიმართავს. მისი თქმით, ამერიკული ძალები „ბევრ გემს იცავენ“ და ცდილობენ, ირანს კომერციულ გემებზე თავდასხმის შესაძლებლობა შეუზღუდონ, რითაც, მისივე შეფასებით, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის თავიდან აცილებას უწყობენ ხელს.
ვენსის განცხადებით, შეერთებული შტატები ირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და დიალოგს იქამდე არ დაიწყებს, ვიდრე ირანი კომერციულ გემებზე თავდასხმას არ შეწყვეტს. ვენსმა აღნიშნა, რომ აშშ არ გაასაჯაროებს, რა გზებით აპირებს ირანზე ზეწოლის გაგრძელებას უახლოეს თვეებსა და წლებში.
„ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, მაგიდაზეა“, – განაცხადა ვენსმა და შესაძლო ზომებად ეკონომიკური, სამხედრო, დიპლომატიური და ფარული ზეწოლა დაასახელა.
ვენსის ინფორმაციით, გასულ ღამეს ჰორმუზის სრუტეში დაახლოებით 15 მილიონი ბარელი ნავთობი გადაიტანეს.
„ეს შეერთებული შტატების დამსახურებაა“, – განაცხადა ვენსმა.
ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს გავრცელებულ ცნობებზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც შეერთებულმა შტატებმა ირანში ქორწილის ცერემონიის დროს თავდასხმა განახორციელა. ვენსის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და მომხდარის შესახებ ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, აღნიშნულ ცნობებს სკეპტიკურად უყურებს.
„ირანის სახელმწიფო მედია ამ კონფლიქტის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს სანდოდ არ ასახავდა. ამიტომ, ამ ინფორმაციას უკიდურესად სკეპტიკურად ვუყურებ“, – განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ სამხედრო ოპერაციების დროს მშვიდობიან მოქალაქეებს მიზანში არასდროს იღებს და ამას არც მომავალში გააკეთებს.
„ჩვენ კონფლიქტებში მშვიდობიან მოქალაქეებს არასდროს ვესხმით თავს. ამას არც არასდროს გავაკეთებთ და არც აქამდე გაგვიკეთებია“,- განაცხადა ვენსმა.
ვენსის თქმით, სამხედრო ოპერაციების დროს, სამწუხაროდ, შეცდომები ზოგჯერ ხდება, თუმცა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით აშშ-ს ამჟამად დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.
„თუ შეცდომებს ვუშვებთ, ჩვენი სამხედროები მათგან სწავლობენ“,- განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჰკითხეს, დასრულდება თუ არა ირანთან კონფლიქტი შუალედურ არჩევნებამდე. ვენსმა განაცხადა, რომ მიმდინარე მოვლენებს „ომს“ არ უწოდებს და აღნიშნა, რომ ამჟამად აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს.




