შეთანხმებას გუშინ ელექტრონულად მოვაწერეთ ხელი, არანაირი თანხა არ გათავისუფლებულა და ეს არ შეიცვლება, ეს შედეგებზე დაფუძნებული პროცესია. თუ დავინახავთ, რომ ირანელები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, მაგალითად, იწყებენ თავიანთი გამდიდრებული მასალის მარაგის ლიკვიდაციას, მაშინ დიახ, ამას სანქციების შემსუბუქება მოჰყვება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.

„თუ დავინახავთ, რომ ირანი თანხმდება ისეთი შემოწმებისა და კონტროლის რეჟიმს, რომელიც გვჭირდება იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ბირთვული იარაღის შექმნას არ აპირებენ, მაშინ ამას სანქციების შემსუბუქებაც მოჰყვება. სინამდვილეში ეს არის გზა, რომლის შედეგადაც ირანი მსოფლიო ეკონომიკაში დაბრუნებას შეძლებს, თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ვენსმა.