ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორის უდიდესი საავადმყოფო "თითქმის სასაფლაოდ" იქცა.
"ალ-შიფას საავადმყოფოში დაახლოებით, 600 ადამიანია, დანარჩენები კი თავს დერეფნებს აფარებენ. საავადმყოფოს ირგვლივ არის ცხედრები, რომელთა დაკრძალვა ან მორგში გადაყვანა ვერ ხერხდება. საავადმყოფო აღარ მუშაობს, ის თითქმის სასაფლაოდ იქცა", - განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინმაიერმა.
ამასთან, მისი ცნობით, შემაშფოთებელია ათობით დღენაკლული ბავშვის ბედი, რომლებსაც ელექტროენერგიის გათიშვის გამო ინკუბატორებში საფრთხე ემუქრებათ. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 3 ასეთი ჩვილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო უკვე დაიღუპა.