იტალიაში, რომის მახლობლად მდებარე ქალაქ კოლეფეროში, იარაღის მსხვილ მწარმოებელ ქარხანაში მომხდარი მასშტაბური აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

აფეთქება მოხდა ფრანგულ-გერმანული თავდაცვითი ჯგუფის, KNDS-ის შვილობილი კომპანიის — KNDS Ammo Italy-ს ქარხანაში. აღნიშნული საწარმო აწარმოებს საშუალო და მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალებს სახმელეთო და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის, ასევე მყარ საწვავს აეროკოსმოსური სისტემებისთვის. გარდა ამისა, ქარხანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმწოდებელია ევროპული თავდაცვის სააგენტოს ფარგლებში, რომელიც, მათ შორის, უკრაინისთვის საჭირო 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვების წარმოებაშია ჩართული.  

წინასწარი ინფორმაციით, საწარმოში ჯერ ხანძარი გაჩნდა, რომლის ჩასაქრობადაც ადგილზე სასწრაფოდ მივიდნენ სახანძრო და პოლიციის ბრიგადები. ცეცხლის ქრობის პროცესში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა კილომეტროვანი რადიუსით ისმოდა, რის გამოც, ცაზე შავი კვამლის უზარმაზარი სვეტი აიწია.  

როგორც ადგილობრივი საგანგებო სამსახურები და მედია იტყობინება, მომხდარის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაღუპულა. განმეორებითი აფეთქებების მაღალი რისკის გამო, მაშველებს გარკვეული დროის განმავლობაში გაუჭირდათ სამუშაოების დაწყება.  

სამართალდამცავი უწყებები და ექსპერტები უკვე იკვლევენ აფეთქების ზუსტ გამომწვევ მიზეზებს.