ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს.

30 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, სიცილიაში, კატანიის პროვინციის ვილა ბელინის რაიონის საზოგადოებრივ პარკში 13 წლის იტალიელი გოგონა გააუპატიურეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 15-იდან 19 წლამდე ასაკის შვიდმა ახალგაზრდამ პარკში მყოფი გოგო და მისი 17 წლის ბოიფრენდი ალყაში მოაქცია და ტუალეტში შეიყვანა, სადაც ორმა გოგოზე იძალადა, ხუთი კი მის ბოიფრენდს აკავებდა.

პარკში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ მოძალადეებს მალე მიაგნეს და დააკავეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ექვსი მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, მეშვიდეს კი, რომელიც არასრულწლოვანია და პოლიციასთან თანამშრომლობდა, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველა დაკავებული იდენტიფიცირებულია.

ისინი ქვეყანაში არალეგალურად შემოვიდნენ 2021 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში და მათი, როგორც არასრულწოვნების დეპორტაციის უფლებას კანონი არ იძლეოდა, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ, რომელიც შაბათ-კვირას წინასწარ დაგეგმილი ვიზიტით კატანიაში იმყოფებოდა, თქვა, რომ შოკირებულია გაუპატიურებით. მან მიუსამძიმრა მსხვერპლს და მის ოჯახს და დაჰპირდა, რომ „სამართლიანობა აღსრულდება“.

იტალიის მემარჯვენეების ლიდერის, მატეო სალვინის თქმით, „ლიგა" მალე წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ამგვარი მოძალადეების ქიმიურ კასტრაციას ითვალისწინებს.