იტალიასა და გერმანიას შორის მიგრაციული პოლიტიკისა და პასუხისმგებლობის განაწილების საკითხზე დაძაბულობა კვლავ ძლიერდება. ორ სახელმწიფოს შორის უთანხმოება როგორც ხმელთაშუა ზღვაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობამ, ისე ევროკავშირის ახალი წესების ფონზე მიგრანტების უკან დაბრუნების საკითხმა გამოიწვია.
იტალიის მთავრობამ გერმანიისგან ფინანსური კომპენსაცია მოითხოვა იმ მიგრანტების გამო, რომლებიც იტალიურ პორტებში გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციების გემებმა შეიფარეს და ჩაიყვანეს. ოფიციალური რომის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ხელმძღვანელობით ქვეყანაში ათასობით ასეთი მიგრანტი ჩავიდა.
იტალიის შს მინისტრმა გერმანულ მხარეს ოფიციალურად აცნობა, რომ ქვეყანა უარს აცხადებს იმ მიგრანტების მიღებასა და უკან დაბრუნებაზე, რომლებსაც ბერლინი ევროკავშირის ე.წ. დუბლინის რეგლამენტისა და ახალი მიგრაციული პაქტის საფუძველზე იტალიაში აბრუნებს. იტალია მიიჩნევს, რომ სანამ გერმანული არასამთავრობო გემები ზღვაში ოპერაციებს აწარმოებენ და ნაკადს იტალიისკენ მიმართავენ, მსგავსი პასუხისმგებლობის ცალმხრივი დაკისრება უსამართლოა.
გერმანელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და პარლამენტარებმა იტალიის ეს პოზიცია მკაცრად გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ რომის მიერ წესების შესრულებაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ევროკავშირის თავშესაფრის მიცემის მთელი ერთიანი სისტემის კრიზისი და ე.წ. "ჯაჭვური რეაქცია" გამოიწვიოს.




