ისრაელის 26-ე მოწვევის ქნესეთის (პარლამენტის) არჩევნები სამშაბათს, 27 ოქტომბერს ტარდება. ეს ქვეყანაში პირველი საპარლამენტო არჩევნებია 2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ. ბევრი ამას აღიქვამს კენჭისყრად, რომელმაც ისრაელის განვითარების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვექტორი უნდა განსაზღვროს, - აღნიშნავს სააგენტო dpa.
ხმის მიცემის უფლება 7,3 მილიონ ისრაელელს აქვს. არჩევნები პარტიული სიებით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის მისაღებად 30-ზე მეტი პარტიაა რეგისტრირებული. მათი წარმომადგენლები ქნესეთში არსებული 120 სადეპუტატო მანდატისთვის იბრძვიან. დამკვირვებელთა ვარაუდით, მთავარი ბრძოლა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია "ლიკუდის" გარშემო გაერთიანებულ სამთავრობო ბანაკსა და ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის ოპოზიციურ პარტია "იაშარს" შორის წარიმართება.
ამავდროულად, გამოკითხვების თანახმად, სავარაუდოდ, ვერცერთი ბლოკი ვერ შეძლებს არჩევნებში ხმების იმ უმრავლესობის მოპოვებას, რომელიც მათ მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემდა. როგორც dpa წერს, მსგავს სიტუაციაში შესაძლებელია, დაპირისპირებული პარტიებისგან მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება, ან ხელისუფლებაში უმცირესობის მთავრობის მოსვლაც კი. პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 3,25%-ს შეადგენს.




