ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ სამოქალაქო გმირობისთვის პრეზიდენტის ჯილდოზე წარადგენს ოთხ ისრაელელს, რომლებიც FlyDubai-ს რეის FZ1073-ის ბორტზე 174 მგზავრის სიცოცხლე იხსნეს. მათ შორის არის ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი შოთა მუსაევი, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრილ პილოტს სასიცოცხლო დახმარება აღმოუჩინა.
ჰერცოგის განცხადებით, ჯილდოზე წარდგენილნი არიან იანივ ჰაიუნი, ზვიკა მანესი და ასაფ რაჯუანი, რომლებიც კაბინაში შევიდნენ და მეორე პილოტი დაიმორჩილეს მას შემდეგ, რაც მან კაპიტანი სმიტ მაჩარი დანით დაჭრა. მეოთხე კი დოქტორი შოთა მუსაევია.
„ჰაიუნი, მანესი და რაჯუანი დასახმარებლად გაქანდნენ, კაბინაში შეაღწიეს და თავდამსხმელი განაიარაღეს, რითაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, იმავდროულად ჰაიუნმა თვითმფრინავის მართვის სისტემა დაასტაბილურა“, - ამბობს ჰერცოგი.
„თავდამსხმელის დამარცხების შემდეგ, დოქტორმა მუსაევმა სასიკვდილოდ დაჭრილ პილოტს სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა და დაეხმარა მას მდგომარეობის სტაბილიზაციის შენარჩუნებაში მანამ, სანამ თვითმფრინავი საუდის არაბეთში საგანგებო დაშვებას არ განახორციელებდა“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
„მგზავრებისა და ეკიპაჟის სწრაფმა ქმედებებმა თავიდან აიცილა დიდი კატასტროფა“, - ამბობს ისრაელის პრეზიდენტი.
მისი თქმით, ოთხ მამაკაცს ესაუბრა და „ღრმა მადლიერება გამოხატა იმ გაჭრიახობის, გამბედაობისა და პასუხისმგებლობის გრძნობისთვის, რომელიც მათ უკიდურესი საფრთხის მომენტებში გამოავლინეს“.
პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა მანესის მეუღლეს, ტალის, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში კაბინაში არეულობის შესახებ და მადლობა გადაუხადა კაპიტან სმიტ მაჩარს, „რომლის სიმტკიცემ და მონდომებამ შესაძლებელი გახადა თავდამსხმელის ნეიტრალიზება და არაერთი სიცოცხლის გადარჩენა“.
სამოქალაქო გმირობისთვის პრეზიდენტის ჯილდო ისრაელის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა გმირობისთვის. ის პრეზიდენტმა ჰერცოგმა 2023 წლის 7 ოქტომბრის ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დააწესა.
ფოტო: CNN / FlyDubai FZ1073
წყარო: timesofisrael
მოამზადა რაულ კაპანაძემ




