ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF), ღაზას სექტორში, რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" ბატალიონის მეთაურის ჯაბერ აზიზის მოკვლის შესახებ განაცხადა. რამდენიმე საათის შემდეგ, IDF-მა ისიც აღნიშნა, რომ სამხრეთ ლიბანში, საჰაერო თავდასხმამ, შიიტური რადიკალური მოძრაობა "ჰეზბოლას" მეთაური, ალი ჯამალ ალდინ ჯავადიც მოკლა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ჯაბერ აზიზი წინა დღეს, ღაზას სექტორში, სადაც "ჰამასის" სამეთაურო პუნქტი იყო განთავსებული, ჰასან სალამესა და ნასერის სკოლებზე დარტყმის შედეგად დაიღუპა. მეთაურთან ერთად მოკლეს "სხვა ტერორისტები". აზიზი 2020 წლიდან მეთაურობდა "ჰამას ალ-ფურქანის" ბატალიონს. მან დაგეგმა და მონაწილეობა მიიღო ისრაელზე ტერაქტებში 2023 წლის ოქტომბერში, განაცხადა IDF-მა.

ალი ჯამალ ალდინ ჯავადი, "ჰეზბოლას" რადვანის სპეცრაზმის მეთაური, ასევე მოკლეს სამხრეთ ლიბანში, ებას რაიონში. IDF-მ შეტყობინებას თავდასხმის ვიდეო დაურთო. მასზე ნაჩვენებია ისრაელის არმია, რომელიც უტევს მანქანას.

30 ივნისს ისრაელმა ბეირუთის გარეუბანს დაარტყა, რის შედეგადაც 70-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. IDF-ის თქმით, თავდასხმის სამიზნე იყო "ჰეზბოლას" მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია სოფელ მაჯდალ შამსზე თავდასხმის დროს 12 ბავშვისა და მოზარდის მოკვლაზე.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალმა ისლამისტურმა მოძრაობამ "ჰამასმა" ისრაელზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოაწყო. ტერორისტებმა ისრაელზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს და, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში, მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე მასიური ხოცვა მოაწყვეს. დაახლოებით 1200 ადამიანი გახდა მისი მსხვერპლი. თავდამსხმელებმა, ასევე, 200-ზე მეტი მძევალი აიყვანეს და ღაზას სექტორში წაიყვანეს.

ისრაელმა "ჰამასს" ომი გამოუცხადა. ქვეყნის არმია მასიურ დარტყმებს ახორციელებს ამ მჭიდროდ დასახლებულ პალესტინის რეგიონზე, რომელიც "ჰამასის" მმართველობის ქვეშ იმყოფება და, ასევე, ახორციელებს სახმელეთო სამხედრო ოპერაციას. "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში უკვე 39000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 91000-ზე მეტი დაშავდა. დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ მონაცემების დადასტურება შეუძლებელია.